weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უნდა დაიწყოს შედეგზე ორიენტირებული დიალოგი – ნინო ლომჯარია აგვისტოს ომზე

13:14 ხუთშაბათი, 08 აგვისტო 2019

საქართველოს სახალხო დამცველი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ნინო ლომჯარიას შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს ომი უმძიმესი დარტყმა იყო საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისათვის.

„კონფლიქტმა ზიანი მიაყენა ასევე, ადამიანურ ურთიერთობებს. იქ, სადაც 10 წლის წინ ინტენსიური მიმოსვლა და ვაჭრობა მიმდინარეობდა, მჭიდრო იყო ნათესაური და მეგობრული კავშირები, დღეს რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები უკანონოდ აკავებენ და აჯარიმებენ ადამიანებს. 2014-2018 წლებში ქართული მხარის მიერ აღრიცხული იქბა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან 1700-მდე ადამიანის დაკავება/გატაცება“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

მისივე თქმით, მავთულხლართებისა და ღობეების გავლებამ, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესმა პირდაპირი ზიანი მიაყენა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე 50-ზე მეტ სოფელს შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.

„უკანონო დაკავებები, რუსეთის ფედერაციის ბაზებზე სამხედრო წვრთნები, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სასოფლო სამეურნეო მიწები და ამით გამოწვეული სიღარიბე, ეს პრობლემათა მოკლე ჩამონათვალია რომელთან გამკლავებაც ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ადგილობრივებს.

განსაკუთრებით საგანგაშოა სიცოცხლის უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტები. აღნიშნულს ცხადყოფს 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობები. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ყველა მკვლელობაში უშუალო მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები არიან“, – აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

ამასთან, როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წლიდან წლამდე უარესდება ჯანდაცვის და განათლების ხარისხი.

„განათლების უფლების რეალიზება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. 2015 წელს გალის რაიონში, ხოლო 2017 წელს ახალგორის მუნიციპალიტეტში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვამ ეთნიკურად ქართველების უფლებრივი მდგომარეობა, მშობლიური ენის ცოდნა და ზოგადად განათლების ხარისხი მკვეთრად გააუარესა.

ჯანმრთელობის უფლების დაცვის თვალსაზრისით, კლინიკები აფხაზეთსა და ცხინვალში კადრებისა და თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურის ნაკლებობას განიცდიან. მოსახლეობის უმეტესობა სამედიცინო დახმარების მიღებას ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა ცდილობს. ისეთი მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და სოციალურად დაუცველები ვერ სარგებლობენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი სერვისებით, დე ფაქტო სტრუქტურების მიერ შეთავაზებული სერვისები კი, ხშირ შემთხვევაში არასაკმარისია.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადგილი აქვს იქ მცხოვრები ქართველების დისკრიმინაციას ეთნიკურ ნიადაგზე, რაც ეთნიკური წმენდის მორიგი ტალღის საფრთხეს ქმნის. ეთნიკურ ქართველებს სთხოვენ აიღონ ბინადრობის მოწმობა, რაც თავის მხრივ უზღუდავს მათ სხვადასხვა სოციალურ, ეკონომიკური თუ პოლიტიკური უფლებებით სარგებლობას.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე წლებია უხეშად ირღვევა საკუთრების უფლება. 2008 წლის ომის დროს და მას შემდეგ მიზანმიმართულად განადგურდა ეთნიკური ქართველების ასობით სახლი ან მოხდა მათი უკანონოდ გასხვისება. 2019 წლის აპრილში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მოხდა ე.წ. კანონპროექტის ინიცირება, რომელიც 1992-1993 წლების საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ წინააღმდეგ მებრძოლი პირების ოჯახის წევრებისთვისაც კი კრძალავს ქონების მემკვიდრეობით მიღების უფლებას“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ეძლევათ იქ შესვლის საშუალება.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიწყონ შინაარსობრივი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათი ღირსებისა და უფლებების დასაცავად და დაპირისპირებულ საზოგადოებებს შორის დამოკიდებულებების შესაცვლელად.

„შესაბამისად, სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავრობის ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვას და კონფლიქტებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1990-იანი წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად, ნახევარ მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე დაზარალდა. დღეის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულ დევნილთა რაოდენობა 282 485-ზე მეტია. აქედან, 26 888-ზე მეტი პირი (დაახლოებით 9 081 ოჯახი) 2008 წლის მოვლენების შედეგად ცხინვალის რეგიონიდან გახდა ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალი პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]